X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

რიკოთის ახალ საუღელტეხილო გზაზე პირველი გვირაბი გაიჭრა

22 მაისი 2020

დღეს, რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტის ფარგლებში, ხევი-უბისას  მონაკვეთზე, სოფელ ხევთან, პირველი, 180 მეტრიანი გვირაბი გაიჭრა. 

პროექტის ფარგლებში, რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას მონაკვეთზე სულ 12.2 კმ-იანი  ცემენტო-ბეტონის 4  ზოლიანი გზა, 37  ხიდი  და 20 გვირაბი აშენდება. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს პროექტით გათვალისწინებული 20 გვირაბიდან 16 გვირაბზე. ამავე მონაკვეთზე, პროექტით გათვალისწინებული 37 ხიდიდან, სამშენებლო სამუშაო მიმდნარეობს 18 ხიდზე. მათ შორის, დაწყებულია საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდის მშენებლობა, რომელსაც 22 ბურჯი ექნება და სიგრძით 1 320 მეტრი იქნება. ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს 11 ბურჯზე. 

რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.  რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი. მშენებლობა ეტაპობრივად 2022  წელს დასრულდება.

სამშენებლო სამუშაოები გაშლილია რიკოთის უღელტეხილის უბისა-შორაპანის მონაკვეთზეც. ამ ეტაპზე სამუშაოების მიმდინარეობს 12 გვირაბზე და 21 ხიდზე. გზის ამ მონაკვეთზე, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში, უკვე გაიჭრება 2 გვირაბი. უბისა-შორაპანის მონაკვეთზე პროექტით გათვალისწინებულია 13 კმ ოთხზოლიანი ცემენტო-ბეტონის საფარიანი გზის, 18 გვირაბის და 27 ხიდის მშენებლობა. 

რიკოთის საუღელტეხილო გზის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფნის მანძილი 30 კილომეტრით შემცირდება, ხოლო მგზავრობის დრო განახევრდება. თუ დღეს, წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, პროექტის დასასრულს დასჭირდება 4-4.5 საათი.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც მიმდებარე სოფლების მოსახლეობას საკუთარი ნაწარმის გაყიდვის საშუალება ექნება. ასეთი სავაჭრო მეოდნები მოეწყობა სურამში, შროშასა და ზესტაფონში. სოფელ ხევში კი, აშენდება საზოგადოებრივი ცენტრი და  ახალი საბავშვო ბაღი. 

2019 წელს რიკოთის  პროექტებზე დასაქმებული იყო  5 ათასი ადამიანი.   დასაქმებულთა 70-80% საქართველოს მოქალაქეა. გზის დარჩენილ მონაკვეთებზე სამუშაოების დაწყების შემდეგ დასაქმებულტა რაოდენობა გაორმაგდება.